

ლია კარიჭაშვილი
რუსთველოლოგიის კვლევითი ცენტრის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი
„ს პ ა რ ს უ ლ ი“
„ვეფხისტყაოსნის“ პროლოგში გვხვდება ბინარული ცნებები, რომლებიც ერთგვარ ჰერმენევტიკულ კოდებად შეგვიძლია მივიჩნიოთ, მათ შორისაა „სპარსული“, „ქართული“, „მიჯნურობა“ ... მათი დეკოდირება ცხადყოფს, რომ პოეტი მკაფიო მინიშნებებს გვაძლევს პოემის ალეგორიულ ხასიათზე. სამეცნიერო ლიტერატურაში ამ ცნებათა საკმაოდ მრავალგვარი განმარტებები გვხვდება. მაგალითად, „სპარსული“ ვახტანგ მეექვსემ მოიაზრა, როგორც ლიტერატურული ფიქცია, სიუჟეტის განზრახ გაუცხოების ხერხი. იგი დარწმუნებული იყო, რომ სპარსულ მწერლობაში „ვეფხისტყაოსნის“ ანალოგი თხზულება არ არსებობდა, რომ რუსთაველმა თვითონ მოიფიქრა „ამბავი“ და ლექსადაც გააწყო.
რუსთველოლოგიის საწყის ეტაპზე სპარსული“ პირდაპირი მნიშვნელობითაც ესმოდათ და „ვეფხისტყაოსანი“ თარგმნილ თხზულებად მიაჩნდათ (ნიკო მარი). 1983 წელს აკაკი შანიძე წერდა: „მე იმ აზრისა ვიყავი და ვარ ახლაც, რომ შოთა რუსთველი მართალს ამბობს, როცა გულახდილად გვეუბნება, რომ მან თავის ნაშრომს სპარსული ამბავი დაუდო საფუძვლად... ეს არავითარი გასაკიცხი ან სასაყვედურო საქციელი არ არის. მთავარია არა ის, თუ საიდან მოდის სიუჟეტი, არამედ ის, თუ რა საბოლოო სახე მიიღო მან მწერლის ხელში, რა ღირებულების მქონეა მისგან შექმნილი ახალი ნაწარმოები“ (შანიძე, 1983, გვ. 3). დღეისათვის აღარავინ დავობს იმაზე, რომ ტაეპი პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ.
,,სპარსულს“ ძველ ქართულ მწერლობაში არაერთგვაროვანი სემანტიკა აქვს. ბეჟან კილანავას აზრით, ანტონ ბაგრატიონის სიტყვები რუსთაველის შესახებ: ,,მეტყველი სპარსთა ენის“ - ნიშნავს საერო მწერლობაში მოღვაწეობას. ანტონი ამ ცნებას ,,ღმრთისმეტყველების“ საპირისპიროდ ხმარობსო. ნოდარ ჭოლოკავამ რამდენიმე ნაშრომი მიუძღვნა ამ საკითხს. იგი ფიქრობდა, რომ „ესე ამბავი სპარსული“, დიდი ალბათობით, ლიტერატურულ-თეორიული ტერმინია. XII საუკუნეში მსოფლიო მწერლობაში მკვიდრდება ორი ახალი ტერმინი: „რომანული მოთხრობა“ (იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი ...) და მეორე - „ამბავი სპარსული“, რომელიც გულისხმობდა იმდროინდელ სპარსულენოვანი ქვეყნების მწერლობაში პოპულარულ ეპიკურ სახეობას, სამიჯნურო და საგმირო მოტივებით. „სპარსულ ამბავში“ ძირითად თემატურ ნიშნად იგულისხმება ისეთი ტიპოლოგიური მარკერები, რომლებითაც „ვეფხისტყაოსანი“ ემსგავსება IX–XII საუკუნეების სპარსულენოვან ეპოსს. რევაზ სირაძის აზრით, „სპარსული“ ძველად ნიშნავდა არამხოლოდ წარმოშობით სპარსულს, არამედ გამონაგონ ამბავს, შეთხზულ ფაბულას ... რომ „ამბავი“ თავისი ლიტერატურული ხასიათითაა სპარსული. „სპარსული“, ზოგადად, უცხოურს, არაქართულსაც ნიშნავდა ძველ ქართულში და არა კონკრეტულად სპარსულ თხზულებას ან ფაბულას (მ. ახალკაცი). „სპარსულს“ განმარტავენ აგრეთვე როგორც ეთიკურ-პოლიტიკური ტერმინს, რომელიც საწყისს ანტიკური ისტორიული, მხატვრული და ფილოსოფიურ-პოლიტიკური ლიტერატურიდან იღებს. „სპარსული“ აქ ერთპიროვნული, ხელისუფალის შეუზღუდავი მმართველობის − დესპოტიზმის სინონიმია, წინააღმდეგ ათენის სამართალზე დაფუძნებული დემოკრატიისა (მ. კარბელაშვილი).
„ქართულად ნათარგმანები“ რევაზ სირაძეს განმარტებული აქვს, როგორც გააზრებული ქართული თვალსაზრისით. ნოდარ ჭოლოკავა აგრეთვე აღნიშნავდა: „პოეტი საგანგებოდ მიუთითებს იმაზე, რომ მას პოეზიის აღნიშნული ტიპოლოგიური მოტივები ქართულად აქვს გააზრებული, ანუ „ნათარგმანები“.
მაგალი თოდუა წიგნში „ვეფხის ნახტომი, ანუ რითი სჯობს რუსთველი შექსპირსა და გოეთეს“ (1993) ფაბულის საკითხზე მსჯელობისას მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ინდურ „რამაიანას“, უზბეკურ ფოლკლორულ თხზულება „ბატირ-არსლანს“, „ვეფხისტყაოსანსა“ და ონანა მდივნის „ბარამგულიჯანიანს“ საერთო აღმოსავლური წყარო ასაზრდოებს. წიგნის რეცენზენტი კორნელი დანელია ემხრობოდა ამ აზრს, რომ რუსთველის დროისათვის ქართულად არსებულა სამიჯნურო-საგმირო შინაარსის პროზაული ფაბულა, რომელიც რუსთველს გამოუყენებია.
პროლოგისეული „სპარსულის“ განმარტებათა შორის ყველაზე საფუძვლიანად მიგვაჩნია მისი ალეგორიული საზრისი, რომლის მიხედვით, ის მიანიშნებს ჟანრს, ხასიათს, სიუჟეტის გამოგონილობას, ამსოფლიურობას და სემანტიკურად უპირისპირდება ქრისტიანულს, ჭეშმარიტს. რუსთაველი „სპარსულს“ იყენებს არაქრისტიანულის მნიშვნელობით, ხოლო „ქართულად თარგმანება“, „მოქცევა“, „გაქართლება“ ქრისტიანულად გამართვას, ქრისტიანულად მოაზრებას ან ინტერპრეტაციას ნიშნავს. „ქართული“, დიდი ალბათობით, უკვე ქრისტიანულის სინონიმი და „სპარსულის“ ანტითეზაა.
საგულისხმოა, რომ „წმინდა ნინოს ცხოვრებაში“ „სპარსნი“ გამოყენებულია ქრისტიანულის საპირისპიროდ, ბოროტ ძალთა ალეგორიად. წმინდა ნინოს და მის სულიერ შვილებს აქვთ ხილვა, როდესაც ქართლში ფეხს იკიდებს ქრისტიანობა და მცხეთასა და მის შემოგარენს ტოვებენ წმინდა ნინოს ლოცვით ოტებული ბნელი ძალები. ამ კონტექსტში სპარსთა ხსენებას, რასაკვირველია, პოლიტიკური ასპექტიც ახლავს, მაგრამ ფაქტია, რომ ალეგორიულად სწორედ „სპარსნი“ მოიზრება ქრისტეს ნათლის ოპოზიციად. „და ვიდრე არღა ეყივლა ქათამსა, სამთავე კართა სცა ზარსა ლაშქარმან ძლიერმან და დალეწეს კარნი ქალაქისანი, და აღივსო ლაშქარნი სპარსთა ლაშქრითა და მეყსეულად შეიქმნეს ზარის აღსახდელნი ზრინვანი და ყივილნი და კლვაი ერისაი, ვითარმცა სისხლი დიოდა. და აღივსო ყოველი ადგილი. და მოვიდა ჩუენ ზედა სიმრავლეი ზახილთაი და მახვილთაი, და დადნეს ხორცნი ჩუენნი და განილია სული ჩუენი“. ამ საშინელმა სანახაობამ მხოლოდ წმინდა ნინო ვერ შეაკრთო. იგი ერთგვარი ირონიითაც კი მიმართავს მომხვდურთ: „სადა არიან მეფენი სპარსთანი ხუარა და ხუან ხუარა; საბასტანით გუშინ წამოხვედითა? მალე მოხვედით. დიდად სამე არს ლაშქარი უზომო, ვიდრემე ხართ. და ძლიერად დაჰლეწეთ ქალაქი ესე. მახვილი დაეცით ქართა და ნიავთა. წარვედით ბნელთა ჩრდილოისათა, მთათა მათ კედარისათა. აქა მოვიდა იგი, რომელსა თქვენ ევლტოდეთ“. და განძრა მარჯვენე თვისი, დასწერა ხელითა სახეი ჯუარისაი, და მეყსეულად უჩინო იქმნა ყოველი იგი სიმრავლეი ერისაი, და იქმნა დაყუდებაი დიდ“ („წმინდა ნინო“, 2008: 23-24).
რუსთაველის ტაეპის გამოძახილად მიგვაჩნია დავით გურამიშვილის სტრიქონი: „თუ რამ იყოს სხვის რჯულისა, მომიქციოს, გამიქართლოს“. მოცემულ ტაეპებში რუსთველისეულ „სპარსულს“ შეესაბამება გურამიშვილისეული „სხვის რჯულისა“; ხოლო „ქართულად ნათარგმანებს“ – „მომიქციოს, გამიქართლოს“.
ზოგადად, დავით გურამიშვილი იზიარებდა პოემის პირველი გამომცემლის თვალსაზრისს და „ვეფხისტყაოსანს“ იგავად მიიჩნევდა, „იგავთ ხედ“, რომლის ფესვები ღრმად არის დამარხული:
„ოდესაც ბრძენმა რიტორმან შოთამ რგო იგავთ ხეო და,
ფესვ ღრმა–ჰყო, შრტონი უჩინნა, ზედ ხილი მოიწეოდა,
ორგზისვე ნაყოფს მისცემდა, ვისგანაც მოირხეოდა“. (4)
ასე რომ, ტაეპი „ესე ამბავი სპარსული...“, ერთი შეხედვით, პოემის სიუჟეტის წარმომავლობის საკითხს რომ უკავშირდება, ვფიქრობთ, რეალურად პოემის ალეგორიულ ხასიათს მიანიშნებს.
ლია კარიჭაშვილი
ფრაგმენტი სტატიიდან „ჰერმენევტიკული კოდები „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგში“
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის - შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, IV, - მასალები, ბათუმი, 2025მ გვ. 90-114
